გემით მგზავრობამ თითქმის ერთ თვეს გასტანა.
ჯონგუკს მთელი ამ დროის განმავლობაში ხმა თითქმის არ ამოუღია, მოწოლილ მელანქოლიას კი ზღვის ხედი უმძაფრებდა, რომელსაც ასე ძალიან შესჩვეოდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
სახლივით ჰქცეოდა ტალღები, შხეფები და სილურჯე, ახლა კი მოგონებათა წყარო იყო უბრალოდ, რომელიც ღელვით გასდევდა ჰორიზონტის თხელ ხაზს.
მზე სუსტად ანათებდა, როდესაც გემმა ღუზა ბუსანის პორტში ჩაუშვა.
ერთი შეხედვით უბრალო გემსა ჰგავდა, არ ეტყობოდა რომ ყუმბარების კვამლის ფონზე გავიდა ზღვაში. ჯონგუკი ბარგის გარეშე ჩამოვიდა, არაფერი გადარჩენილა და ისიც ერთი ტანსაცმლის ამარა გაიჭრა თავის გადასარჩენად.
დაბნეული დააბოტებდა, არც ენა იცოდა, ვერც ვინმეს სცნობდა, მაგრამ თავი უცხოდ არ უგრძვნია. მთელი ცხოვრება ის იყო, ვისაც განსხვავებული კანის ფერი და თვალის ჭრილი ჰქონდა, აქ კი ასეთი ერთი! ორი! სამი! ოთხი და მეტნიც იყვნენ.
გამვლელებზე მზერის შევლებით ჩაიარა და საქალაქო, ფართოდ დასახლებულ არეალში გააბიჯა. სადღაც მიეჩქარებოდათ, ზოგი საუბრობდა, ზოგი კი უბრალოდ ჩამომჯდარი ისვენებდა აციებულ დღეს. ჯონგუკი თითოეული მათგანის გამომეტყველებას, მიმიკასა და მოძრაობას აკვირდებოდა, თითქოს შეუცნობელ არსებებს შეისწავლისო.
ერთ-ერთი ბარის ტრაფარეტზე სიტყვა იცნო: ჰანოლი, ერთადერთი კორეული სიტყვა, რომელიც ბენჯამინ ვაგნერმა ასწავლა იმ იმედით, რომ როდესმე ბიჭი საკუთარ ფესვებს დაუბრუნებოდა და ცოდნას გაიღრმავებდა.
-იცოდე სიტყვა "ცა", ის კორეულად ჰანოლია, - უთხრა ერთ დღეს. - არ დაგავიწყდეს.
-დიახ.
-მისმენ?
-დიახ.
-დაიმახსოვრე.
კარი ღრჭიალით შეაღო და ფართო ნაბიჯით გასცდა ზღურბლს. კონიაკის მკვეთრი სურნელი ეცა და უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ცხვირი. ბარი გავსებული იყო, მუშებს თავი მოეყარათ, ხორხოცითა და სასმელით ერთობოდნენ. ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში ჯონგუკმა სამიოდე ნახევრად ჩამწვარი ნათურა დათვალა.
დახლს მიუახლოვდა და ხელები დააყრდნო.
ბარმენის თავაზიანად დასმულ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ვერაფერი გაიგო.
-გესმის, რასაც გეკითხები? - გაღიზიანებულმა ამოილაპარაკა. -რას შეუკვეთავ?
პასუხის ნაცვლად ბიჭი გერმანულად მიესალმა. ბარმენი შეცბა, წარბები მაღლა აზიდა და ბოლოს ამოიოხრა კიდევაც. ჯონგუკს არ უნდოდა სასმელი, უბრალოდ საპირფარეშო, რათა დაღლილი სახე მოებანა და გასუფთავებულიყო. ვერაფერი მოიფიქრა, ამიტომ ერთი ამოიხვნეშა და მოშარდვის იმიტაცია გააკეთა თითებით. ნამდვილად მიახვედრა.
-ოჰ, - დახლზე გადმოიწია ოვალ სახიანი კაცი და ხელი მარცხნივ, დერეფნისკენ გაიშვირა.
საპირფარეშო საშუალო ზომის იყო, ოთხი კოროზია შეპარული უნიტაზითა და ერთი ონკანით. კარი მოხურა, ონკანს მიუახლოვდა და ნიჟარასთან თავი დახარა, მოჩხრიალე წყალს შეუშვირა სახე. შვებით ამოსუნთქვა ძლივს მოესწრო, ისე გაიხსნა კარი მის უკან და რამდემე ადამიანის ფეხის ნაბიჯი მოესმა.
ონკანი გადაკეტა და როგორც კი მიაპყრო მზერა რამდენიმე მაღალ სხეულს, კედელზე მიანარცხეს. შოკირებული ვერც გაინძრა,ისე ჩასრიალდა და იატაკზე დაეცა. უეცარი ტკივილისგან ხმადაბლა წამოიყვირა.
-აბა ჯიბეები ამოიტრიალე, ახალო, - ხრიალებდა ერთ-ერთი.
-რა ჯანდაბა გინდათ? - გერმანულად ამოისისინა.
-გერმანელი ძაღლია! - ერთმანეთს გადახედეს. -ვცემოთ და სულ პირიდან გადმოყრის ფულს, ნახავ.
შეგულიანებულები ეცნენ. შეკრული მუშტები უთავაზეს მუცელში, ფეხებსა და სახეში. შესაძლოა შეეძლო კიდეც წინააღმდეგობის გაწევა, თუ დამარცხება არა, თუმცა არ უცდია. თითქოს უნდოდა, ფიზიკური ტკივილი ეგრძნო. თვალები მოეხუჭა, ხაოდა და ტკივილისგან იკლაკნებოდა.სტკიოდა ორგანოები და მთელი სხეული, ეწვოდა თვალები მოწოლილი ცრემლისაგან. გრძნობდა, ენაზე სისხლი რკინის გემოდ როგორ ედებოდა. გადმოაფურთხა.
წუთები საუკუნედ იწელებოდა, მოხვედრილი წიხლები კი არ ილეოდა.
-ერთი ოთხზე? მე მეცინება, - კარში გამხდარი, მაღალი ფიგურა იდგა. ჩარჩოს მიყრდნობილიყო და ხელები მკერდთან გადაეჯვარედინებინა. სახეზე დამცინავი ღიმილ დასთამაშებდა, ტუჩებს შორის კი სიგარეტი ჰქონდა მოქცეული.
-შენ ვინ ხარ! - შეუღრინეს, რასაც მისი კიდევ ერთი ჩაცინება მოჰყვა.
შავი თმა შუბლზე ჩამოჰყროდა, რამდენიმე ღერი კი მიკვროდა.
-რაში გჭირდება? დედაშენმა შენს დაკრძალვაზე მკვლელად რომ მომიხსენიოს? - მშვიდად აიღო იქვე დადებული სათლი და ყველაზე ახლოს მდგომს მოუქნია. კაცი ინერციით უკან გადავარდა და უნიტაზთან დაეცა. შემდეგ ყველაფერი სწრაფად მოხდა: ყველანი იატაკზე იწვნენ, თვითონ კი გამსკდარი ტუჩიდან იწმენდა სისხლს. ერთმა ისევ სცადა წამოდგომა, ამჯერად აღარ დაურტყამს. სიგარეტის ღერი გამოიღო და ულვაშიან უცნობს შუბლზე მიაწვა. მისი კმაყოფილების ღიმილს თან ერთვოდა ყრუ ხრიალი ტკივილისა. აკვირდებოდა, ნამწვავი როგორ აწითლდა და აიქერცლა. სწვავდა.
ჯონგუკი კუთხეში მიიყუჟა და მოიკუნტა. დამშრალი ტუჩები უთრთიდა, ატკიებულ ყელში ნერწყვი ძლივს გადააგორა. დასაცავი გახდა, ზედმეტად დასუსტებული. წინააღმდეგობის გაწევა არც კი მონდომებია, არადა სტკიოდა. ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს გახეული ორგანოებიდან სისხლი ორგანიზმში ეღვრებოდა.
-კარგად ხარ? - ჰკითხა უცნობმა. გაუგებარმა ბგერებმა მეტად აუბნია თავგზა, ათრთოლებული სუნთქვა ამოუშვა და კიდევ ერთხელ ამოილაპარაკა გერმანულად: ღმერთო, გამიყვანე აქედან.
-მე თეჰიონი მქვია. - თვალები დაჭყიტა, როცა უცნობის ნათქვამი გაიგო. გაოცებულმა შეხედა, სანაცვლოდ კი ღიმილი დაიმსახურა.
-ჯონგუკი, - ამოიჩურჩულა.
-საიდან ხარ?
-ჰ-ჰამბურგი.
თეჰიონს უკან კიდევ ერთი ბიჭი იყო კედელს აყრდნობილი. ჩალისფერი თმა ყურებს უკან გადაეწია, კანი კი ქაღალდღე მკრთალი ჰქონდა, რის ფონზეც მისი მეწამული ტუჩები გაცილებით გამოჰკვეთოდა. უსმენდა მათ და, როგორც ჩანს, იგებდა კიდეც.
-არ წავიდეთ? - იკითხა ბოლოს. მობეზრებული ჩანდა.
-ჯონგუკ, გაქვს წასასვლელი? - კითხვის იგნორით მოუბრუნდა თეჰიონი.
-დიახ.
-ჯონგუკ.
-დ-არა.
-წამოდი.
***
-აქ დაიძინებ, - პატარა ოთახში შეჰყავს, რომელიც საკუჭნაოსა უფრო ჰგავს. სინათლე კედლის ღრიჭოებში ლანდად აღწევს და ქვის იატაკზე ეცემა, მაგრამ მაინც ბნელა. საწოლის როლს იატაკზე დაფენილი თეთრი, ჭუჭყიანი ლეიბი ასრულებს, რომელზეც ერთი პატარა ბალიში დევს.
-გამუშავებ, მაგრამ ჯერ უნდა მითხრა რა შეგიძლია. აქამდე გიმუშავია?
-შემ-შემიძლია თევზის... - დაიწყო და თეჰიონმა გააწყვეტინა.
-რამდენიმე იდიოტმა ასამდე ლიტრი ნავთი ჩაღვარა ზღვაში, ამიტომ არა, არ გამოვა. -აბა.. დავალაგო? - ამოიჩურჩულა. თეჰიონმა დოინჯი შემოირტყა და კოპებშეკრული აკვირდებოდა ცოტა ხანს, შემდეგ კი უბრალოდ თავი გააქნია.
-არა. მტვირთავი... მტვირთავი მჭირდება. ძალა გაქვს? - ჩაახველა. - ვგულისხმობ, ყუთები რომ გადმოიტანო.სასმელი და მსგავსი.
-ო, დიახ. შემიძლია, - წესით უნდა გახარებოდა, მაგრამ უცნაურ წვას გრძნობდა. თითქოს აქამდეც ყოფილა ამ სიტუაციაში, თან ოჰ, რამდენჯერ.. მის ცხოვრებაში ყოველთვის ჩნდებოდა ვიღაც, ვისაც ცუდი სიტუაციიდან უნდა ამოეთრია. საკუთარ თავს გაუცრუა იმედი. ისევ.
ფრთხილად ჩამოჯდა, შიგადაშიგ იკურთხებოდა, შემდეგ კი წამოწვა და ამოისუნთქა. უბრალოდ ცოტა ხანს არ უნდა განძრეულიყო და ასე ყველაფერი კარგად იქნებოდა..
ადგილი, სადაც თეჰიონმა მოიყვანა, მისი კუთვნილი სამიკიტნო იყო, "ორქიდეა" ერქვა თურმე. ზომაში მომცრო, თუმცა ბევრი სტუმრის მასპინძელი. აქ ძლიერ სასმელთან ერთად ახალგაზრდა კისენგების პოვნაც შეიძლებოდა. შემოსვლისას შესაძლოა შეგეგრძნოთ კიდეც მათი თავბრუდამხვევი სურნელი, რომელიც გაცილებით უფრო სათნოსა ხდიდა მათ ღიმილს.სუსტი სხეულებით ეხვეოდნენ კლიენტებს და უკვე ჩვეული კომპლიმენტების მოსმენისას უწინდებურად ეფაკლებოდათ სპილოს ძვლისფერი ღაწვები.
ჯონგუკს არაფერი ენახა მსგავსი. ალკოჰოლისა და მისთვის უცხო პარფიუმერიის არომატში ჩაძირული გაგუდულივით იჯდა ბართან და დაბნეულ თვალებს ადევნებდა ყოველივეს. ახალი, ტილოს პერანგი და მუშის შარვალი ეცვა, რომელიც იუნგიმ გამოუტანა საკუჭნაოდან. თავს უცხოდ გრძნობდა ენობრივი ბარიერისა და ამდენი უცნობის გამო. ხანდახან ეფანტებოდა ყურადღება და გონება ისევ შორეული მელოდიებისაკენ გაურბოდა, რომელიც მისის შტრაუსის სახლში მოისმინა წლების წინ.
სულს უჟრჟოლებდა აწ გარდაცვლილი გადამრჩენლის მჭექარე, მტკიცე,მაგრამ მოცვეთილი ხმაცა და ჰაინრიხის ფოტოც, რომლის ძვლებიც ფრონტის წინა ხაზზე ტყვიების წვიმის ქვეშ განისვენებდა.
სულ ვერ გრძნობდა დაჟინებულ მზერას, რომელიც მის ზურგს ეცემოდა. მას თეჰიონი უყურებდა შორიდან. ცდილობდა გამოეცნო, რას უმზადებდა მომავალი ამ ბიჭთან დაკავშირებით.
ადგილობრივი მომღერალი ქალი კი ბრჭყვიალა კაბაში გამოწყობილი ტროტს მღეროდა.